X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძემ, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტს 2021 წლის ანგარიში წარუდგინა

25 მაისი 2022

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში პარლამენტს, მინისტრის საათის ფორმატში, წარუდგინა.

2021 წლის მთავარ მიღწევებად მინისტრმა სხვადასხვა მიმართულება და პროექტი დაასახელა, მათ შორის: აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნახევარი უკვე აშენებულია, ამჟამად მიმდინარეობს 106 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობა; 2021 წელს დასრულდა გურჯაანის შემოვლითი გზისა და იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა; რეაბილიტირდა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის  100 კმ და გზაზე აშენდა 17 ახალი ხიდი; ჯამში, რეაბილიტირდა 512 კმ გზა; გაიხსნა რიკოთის პირველი 2 კმ-იანი მონაკვეთი; დასრულებულია ბათუმის შემოვლითი გზის სამუშაოების 75%; ივნისში სრულდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფელის 24 სთ წყალმომარაგების პროექტი; იწყება სამუშაოები ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტზე 24 000 ბენეფიციარი გამართული წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად;  უკვე დასრულდა 56 ახალი სკოლისა და 24 საბავშვო ბაღის  მშენებლობა;  მიმდინარეობს და წელს დასრულდება 11 ახალი სკოლის მშენებლობა; 100-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაციის პროექტების 60% უკვე დასრულებულია; დასრულდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხაშურისა და ფოთის სტადიონების და  ფოთის სპორტკომპლექსის მშენებლობა; სრულად რეაბილიტირდა გურჯაანის ცენტრალური პარკი; წლის განმავლობაში მიმდინარე 5600 პროექტზე დასქმებული იყო 27 000 ადამიანი და 1500 კომპანია.

2021 წელს დაიწყო ქვეშეთი-კობის პროექტზე მსოფლიოში უნიკალური, 9 კმ-იანი 15 მეტრი დიამეტრის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა კლდოვან ქანებში, სპეციალურად დამზადებული  გვირაბგამყვანი მანქანით, ე.წ. TBM-ით. დღეის მდგომარეობით, TBM-ის დანადგარი უკვე გვირაბის 1 კმ და 800 მ-ის სიღრმეში მუშაობს. სამუშაოები მიმდინარეობს მთავარი გვირაბამდე მისასვლელ გზაზეც, რომელიც  4 გვირაბისა და 4 ხიდისგან შედგება, მათ შორისაა თაღოვანი უნიკალური ხიდიც.

წელს დაიწყო კახეთის მაგისტრალის და ბაკურციხე-წნორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა; სოფელ ველისციხეში კი - სოფლის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება.

რაც შეეხება პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე პროექტებს, ბევრგან უკვე სრულდება პროგრამის პირველ ეტაპზე დაფინანსებული ურბანული განახლების სამუშაოები. მიმდინარეობს 522 შენობის, 78 პარკისა და სკვერის და 5 სტადიონის რეაბილიტაცია; ყველა რეკრეაციული სივრცე უზრუნველყოფილია სარწყავი სისტემებით; ამ ეტაპზე მიმდინარეობს 300 მილიონი ლარის სამუშაოები  და  გრძელდება პროგრამის მეორე ფაზის განვითარებაც.

დეცენტრალიზაციის 5 წლიანი სტრატეგიის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული  სამუშაოების 90% შესრულებულია, ხოლო 10% მეტწილად შესრულებული - 2022 წლის განმავლობაში შესრულდება. მიმდინარეობს 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის დამტკიცებისათვის საჭირო პროცედურები.

გამყოფი ხაზის მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში მოსახლეობის დასაბრუნებლად, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს 2008 წლის ომის დროს დაზიანებული 28 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები.

მთაში მუდმივად მცხოვრებთა სოციალურ შეღავათებზე 2021 წელს მიიმართა დაახლოებით 96.5 მლნ ლარი, რაც 2020 წელს  გაწეულ დაფინანსებას 19%-ით აღემატება. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 77 მლნ ლარით  დაფინანსებულია 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, 136 გზის რეაბილიტაციის, 32 წყალმომარაგების, 24  ნაპირსამაგრის და 19 სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტი.

რაც შეეხება ევროკავშირის „2020-2022 წლების ინტეგრირებული რეგიონული განვითარების საპილოტე პროგრამას“, დაფინანსებულია დაახლოებით 142 მილიონი ლარის ღირებულების 140-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის დაახლოებით 20% უკვე დასრულებულია. ოთხი საპილოტე რეგიონის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისათვის, სამმა სახელმწიფო პროგრამამ და სააგენტომ ჯამში, დაახლოებით 40 მილიონი ლარი მიიღო და საწარმოების დაფინანსება ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს.

მინისტრმა 2022 წლის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს იგეგმება რიკოთის საუღელტეხილო მაგისტრალის კონკრეტული მონაკვეთების გახსნა, დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა კი, ხელშეკრულების შესაბამისად, 2022-2023 წლებში ეტაპობრივად დასრულდება. ასევე, წელს დასრულდება სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული გზის პირველი და მეოთხე მონაკვეთები და  გრიგოლეთი-ქობულეთის 11 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. საერთო ჯამში, 2022 წელს დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების გახსნის შედეგად, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო კიდევ უფრო შემცირდება და მგზავრობას მხოლოდ 3 საათი და 40 წუთი დასჭირდება. 

მინისტრის თქმით, ქვეყნის 4 დიდ ქალაქში - რუსთავში, ზუგდიდსა და ახალციხეში სპორტული კომპლექსების, ხოლო ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება.

ასევე, 2022 წლის განმავლობაში დასრულდება  წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტები ოზურგეთის, ახმეტის, სიღნაღის, წყალტუბოს, დუშეთის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების სოფლებში. 

საერთო ჯამში, 2021 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებულია 2 მილიარდ 513.5 მილიონი ლარი, რაც  311.2 მილიონი ლარით ანუ 14%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.  სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტი ისტორიულ მაქსიმუმზეა და 2 მილიარდ 900 მილიონ ლარს შეადგენს, მისი პირველი კვარტალიც უკვე გადაჭარბებით არის შესრულებული.